არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ყატარის დიპლომატებს 48 საათი მისცეს ქვეყნის დასატოვებლად. საემიროების ავიახაზები: Etihad, Emirates და Flydubai დოჰადან ყველა ფრენას გააუქმებენ. ოფიციალური აბუ-დაბის განცხადებით, ყატარი მხარს უჭერს და აფინანსებს ტერორიზმს.
საუდის არაბეთის მედიის ინფორმაციით, ერ-რიადმა ყატართან საზღვრები დაკეტა და მეზობელთან საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლა გაწყვიტა. ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ზომები ტერორიზმისა და ექსტრემიზმისგან თავდაცვის მიზნით მიიღეს.
ყატართან საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა შეწყვიტა ეგვიპტემაც.
აღნიშნული ქვეყნების ბრალდებები ყატარის საგარეო უწყებამ უარყო და გადაწყვეტილებას უსამართლო და უსაფუძვლო უწოდა.
ამ საკითხს დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი გამოეხმაურა, რომელმაც ქვეყნებს დიალოგისკენ მოუწოდა.
„არამგონია ამ გადაწყვეტილებას რაიმე მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს, თუ საერთოდ ჰქონდა შედეგი, რეგიონში ან გლობალურად ტერორიზმის წინააღმდეგ გაერთიანებულ ბრძოლაში“, - განაცხადა ტილერსონმა.
აღსანიშნავია, რომ ორი კვირის წინ ერ-რიადში ვიზიტის დროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არაბულ ქვეყნებს რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
„ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, ყატარი, რომელიც ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის წევრია, მუდმივად უარყოფს ერაყის შიიტი ლიდერების ბრალდებებს, რომ ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერია.